მედიტაციაში ძალიან მნიშვნელოვანია სწორი სუნთქვა. სუნთქვის დროს შეეცადეთ შეისუნთქოთ რაც შეიძლება ნელა და მშვიდად – ისე, რომ უწვრილესი ძაფიც კი, ვინმეს რომ მოეთავსებინა თქვენს ცხვირწინ არ შეირხეს. ამოსუნთქვა უნდა იყოს უფრო ნელი, ვიდრე შესუნთქვა. თუ შესაძლებელია გააკეთეთ მოკლე პაუზა ამოსუნთქვის დასრულებასა და შესუნთქვის დაწყებას შორის. მაგრამ თუ გიძნელდებათ, ნუ იზამთ ამას. ნურასოდეს გააკეთებთ იმას, რამაც შეიძლება ავნოს თქვენს ორგანოებს ან სასუნთქ სისტემას.
პირველი რაზეც უნდა ფიქრობდეთ სუნთქვითი ვარჯიშების დროს – ეს არის სისუფთავე. თუ შესუნთქვისას თქვენ შეძლებთ იგრძნოთ, რომ სუნთქვა მოდის პირდაპირ ღმერთისგან, თვით სისუფთავისგან, მაშინ თქვენი სუნთქვა იოლად შეიძლება იქნას გასუფთავებული.
შემდეგ ეცადეთ ყოველი შესუნთქვისას გრძნობდეთ, რომ თქვენ შემოგაქვთ თქვენს სხეულში სიმშვიდე, უსასრულო სიმშვიდე. სიმშვიდის საწინააღმდეგოა შფოთი. ამოსუნთქვისას ეცადეთ გრძნობდეთ, რომ თქვენ თავისუფლდებით შფოთისგან, რომელიც თქვენშია და აგრეთვე იმ შფოთისგან, რომელიც თქვენ ირგვლივაა. თუ თქვენ ასეთნაირად ისუნთქებთ, აღმოაჩენთ, რომ მღელვარება გტოვებთ. რამოდენიმეჯერ ამის ჩატარების შემდეგ, ეცადეთ იგრძნოთ, რომ შეისუნთქავთ მსოფლიოს ძალას, და როცა აკეთებთ ამოსუნთქვას იგრძენით ის, რომ თქვენი სხეულიდან მთელი შიში გამოდის. რამოდენიმეჯერ გამეორების შემდეგ, შეეცადეთ იგრძნოთ, რომ შეისუნთქავთ სიხარულს, უსასრულო სიხარულს და ამოისუნთქავთ სევდას, ტანჯვას და ნაღველს.
შეგიძლიათ სცადოთ კიდევ ერთი რამ, შეიგრძენით, რომ შეისუნთქავთ არა ჰაერს, არამედ კოსმიურ ენერგიას. შეიგრძენით, რომ ყოველი ჩასუნთქვით უზარმაზარი კოსმიური ენერგია ჩაედინება თქვენში და თქვენ აპირებთ მის გამოყენებას სხეულის, ვიტალის, გონებისა და გულის გასუფთავებისათვის. შეიგრძენით, რომ თქვენს სხეულში არ დარჩა არცერთი ადგილი, რომელიც კოსმიური ენერგიის ნაკადმა არ დატბორა. ის მდინარესავით მიედინება თქვენში, რეცხავს და ასუფთავებს მთელ თქვენს არსებას. შემდეგ, ამოსუნთქვისას იგრძენით, რომ ამოისუნთქავთ მთელ ნაგავს თქვენში დაგროვებულს – ყველა თქვენ არაღვთიურ აზრს, ბნელ იდეებს, უსუფთაო ქცევებს. იგრძენით, რომ თქვენ ამოისუნთქავთ ორგანიზმიდან ყველაფერს რასაც არაღვთიურს უწოდებთ, რასაც არ გინდათ რომ თქვენად თვლიდეთ. ეს არ არის ტრადიციული იოგური პრანაიამა, რომელიც უფრო რთული და სისტემატურია, მაგრამ ეს ყველაზე ეფექტური სუნთქვის სულიერი მეთოდია.
ასეთი სუნთქვის მეთოდის გამოყენებით თქვენ მალე დაინახავთ შედეგს. დასაწყისში თქვენ წარმოსახვის გამოყენება მოგიწევთ, მაგრამ რამოდენიმე ხანში დაინახავთ და შეიგრძნობთ, რომ ეს წარმოსახვა კი არა, რეალობაა. შეგნებულად ენერგიის შესუნთქვით, რომელიც ყველგან მიედინება, თქვენ ასუფთავებთ და აცარიელებთ საკუთარ თავს ყველაფერი არაღვთიურისაგან. დღეში ხუთი წუთი რომ დაუთმოთ ასეთ სუნთქვას, თქვენ შეძლებთ მიაღწიოთ ძალიან სწრაფ წინსვლას. მაგრამ ამას შეგნებულად უნდა აკეთებდეთ და არა მექანიკურად.
შრი ჩინმოის წიგნიდან “მდუმარე სწავლა”
<<< წინა “პოზა მედიტაციისათვის”
სუნთქვის კონტროლი: